პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი "ყველაზე სექსუალურ მელოტ კაცად" დაასახელეს

პრინცმა უილიამმა თავის ტიტულებს კიდევ ერთი წოდება შემატა.

ბრიტანულმა ტაბლოიდურმა გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა "კვლევა" (არაფორმალურად, ბუნდოვანი კრიტერიუმებითა და შეფასების სისტემით ჩატარებული), რომლის მიხედვითაც, კემბრიჯის 38 წლის ჰერცოგი პლანეტის ყველაზე სექსუალური კაცია.

ამ დასკვნამდე Google-ის საძიებო სისტემის დახმარებით მივიდნენ, რომლის თანახმადაც, პრინცი უილიამი ბლოგებში, სტატიებსა და სოციალური ქსელებში "სექსუალურად" ყველაზე ხშირად — 17,6 მილიონჯერაა დახასიათებული.

საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ მაიკ ტაისონი, ჯეისონ სტეტჰემი, მომღერალი პიტბული და მაიკლ ჯორდანი.

კვლევაში სხვებთან ერთად მოხსენიებულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელიც თურმე 2,2-მილიონიანი შედეგით ათეულში ვერ მომხვდარა.

ყველაზე სექსუალური მელოტი კაცის დასახელებას სოციალურ ქსელებში ბევრი გამოეხმაურა და მეტწილად — უარყოფითად: ყველამ თავისი რჩეული გაიხსენა, ვინც უფრო მეტად იმსახურებს ამ წოდებას, ვიდრე, მათი აზრით, პრინცი უილიამი.

მათ შორის ლიდერობს ამერიკელი მსახიობი სტენლი ტუჩი: არაერთმა აღნიშნა, რომ ის გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მელოტი კაცია.

ამ ფაქტს ხუმრობით თავად ტუჩიც გამოეხმაურა და ინსტაგრამის პირად გვერდზე საჯაროდ იკითხა, თუ ვინ არის ყველაზე სექსუალური მელოტი კაცი.

მის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებს შორის მოხვდნენ ტილდა სუინტონი ფილმიდან დოქტორი სტრეინჯი და რაიან რეინოლდსი, რომელიც მელოტი სულაც არ არის და ალბათ, მისი პერსონაჟი დედპული უნდა გავიხსენოთ.