ფრაქციის სხდომაზე დამატებით ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც მოლაპარაკებებთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრაქციის წევრთა პოზიცია დაფიქსირებული იყო იმ საკითხებზე, რაც უმრავლესობის ლიდერების მონაწილეობით მედიატორებთან განიხილეს. პარტიაში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და პოლიტსაბჭოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლების პოზიციები",- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფასილიტატორის მიერ შემოთავაზებული წინადადებები პარტიამ უნდა განიხილოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ორი შეხვედრა გამართა.