ამერიკელი პროფესორი: ველი, რომ აპრილში კორონავირუსი დიდწილად გაქრება და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით ჯოგური იმუნიტეტი

ამერიკელი პროფესორი: ველი, რომ აპრილში კორონავირუსი დიდწილად გაქრება და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით ჯოგური იმუნიტეტი

​ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის პროფესორი მარტი მაკერი მიიჩნევს, რომ ამერიკელებს კორონავირუსისადმი ჯოგური იმუნიტეტი უკვე აპრილში ექნებათ. ამის შესახებ პროფესორის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც WSJ-მ გამოაქვეყნა.

სტატიაში მაკერი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა 77%-ით შემცირდა, რაც დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და მათ ანტისხეულები გამოუმუშავდათ.

პროფესორი აღნიშნავს, რომ ტესტირების შედეგად ინფიცირებულთა მხოლოდ 10-25% გამოვლინდა. მაკერის გამოთვლებით, თუ ვირუსი 28 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების 55%-ს COVID-19-სადმი იმუნიტეტი აქვს.

„ამას ვაქცინირებული ადამიანები დაუმატეთ. ამ კვირის განმავლობაში ვაქცინა ამერიკელების 15%-მა მიიღო და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. თუ მიმდინარე ტრაექტორიით გავაგრძელეთ, ველი, რომ აპრილში კორონავირუსი დიდწილად გაქრება და ამერიკელები ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - წერს მაკერი.

აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.