დავით გადელია: პატარა ქვეყნის შვილობა არაფერია, თუ დამოუკიდებლობის და ღირსების შეგრძნება გაქვს!

დავით გადელია: პატარა ქვეყნის შვილობა არაფერია, თუ დამოუკიდებლობის და ღირსების შეგრძნება გაქვს!

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„არ ვიცი გამომივა თუ არა გასაგებად, რასაც ვწერ... გააზრებულზე მეტად ქვეცნობიერად ვგრძნობ ამას...

მესმის, რომ პატარა ქვეყანა ვარ. ამას ჩემი ხნის ხალხი უფრო კარგად გრძნობს- ისინი, ვინც საბჭოთა პერიოდში დავიბადეთ. ახლა ბევრი იბრაგუნებს მკერდზე ხელს- " მე თავიდანვე იატაკქვეშეთელი დისიდენტი ვიყავი და ძირს ვუთხრიდი სსრკს-ო"! აქედან გამომდინარე, მე იმ "უმცირესობაში" ვარ, ვინც თბილისის ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა, პიონერიაც გამოვიარე და სსრკსაც საკუთარ ქვეყნად აღვიქვამდი. რა თქმა უნდა საქართველოს თავისი ადგილი ჰქონდა გულში და ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვტრაბახობდით იმით, რომ ქართველები ვიყავით- აქაც და საზღვარგარეთაც! მაგრამ ნამდვილად მახსოვს  განწყობა: თავს დიდი სახელმწიფოს შვილად, მოქალაქედ მივიჩნევდი (კი ბატონო, დამცინეთ სულ რომ დისიდენტები იყავით იმათ)! ამიტომ, ჩემი ასაკის ადამიანებში არის ორივე ცოდნა- როგორც დიდი, ასევე პატარა ქვეყნის შვილობის. პატარა ქვეყნის შვილობა არაფერია, თუ დამოუკიდებლობის და ღირსების შეგრძნება გაქვს! აი დამოუკიდებლობის შეგრძნება კი ნამდვილად გამიჩნდა იმავე წუთიდან, როდესაც ეს შანსი გაგვიჩნდა! ასევე იყვნენ ჩემი მეგობრები, ვინც ერთად ვიყავით მაშინ. არაა ეს შეგრძნება ადვილად მოსასვლელი... ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ძველ დროშიც ყოველთვის და ყველას არ გააჩნდა ეს შეგრძნება. მაშინაც და სამწუხაროდ ახლაც ბევრ ისეთ ადამიანს ვისაც განსაკუთრებით ეკუთვნის ჰქონდეს ეს შეგრძნება- არა აქვთ! ვგულისხმობ პოლიტიკის მკეთებლებს. 

რაც არ უნდა პროდასავლური ორიენტაცია გქონდეს, როგორ უნდა თქვა შენს ოპონენტზე, მაგრამ ამავე დროს თანამემამულეზე, თანაქალაქელზე - "აი ნახეთ, ყურები დაახიეს ამერიკელებმაო!" ანუ, მთლიანად გადასცემ შენი ქვეყნის ბედს უცხოს, თუნდაც მეგობარს! როგორ ვერ ხვდებით, რომ რაც უფრო მეტს და დიდხანს იტყვით ერთმანეთზე ასე, მეტად გეკარგებათ ღირსება. რას დავეძებ თქვენს ღირსებას- თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემს ქვეყანას ეკარგება ავტორიტეტი!! შორიდან უმწიფარი ბავშვების ძიძგილაობას ჰგავს ეს; ბავშვური დაბეზღებები, იმედი, რომ ის "დიდი  ბიძია" გალახავს ჩემს მოწინააღმდეგეს- სამარცხვინოა! თუ მყარად დგახართ თქვენ- თქვენ პოზიციებზე, უთხარით იმ კაი ხალხს, რომ მადლობელი ხართ დახმარების, მაგრამ არის ოპონენტთან გადაუჭრელი წინააღმდეგობა და  ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა, ამიტომ ნუღა შეწუხდებიან. პატივისცემით მოიხსენიეთ ერთმანეთი თორემ თუ მოწინააღმდეგე გინდათ გამოიყვანოთ სალახანად- თქვენც იგივე გამოდიხართ.

...ასეც ვიცოდი... მაინც ვერ ამოვიღე კარგად ქვეცნობიერიდან ის, რისი თქმაც მინდოდა. ის, რომ ოპონენტი თანამემამულის უცხოსთან ლანძღვა და ჭყლოპინი- "აი ნახეთ ის დიდი ბიძიები ყურს აახევენო", სიბრიყვე, უღირსობა და რაც ყველაზე ცუდია- საკუთარი ქვეყნის ფლობის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და მასზე პასუხისმგებლობის ვერშეგრძნებაა“!

amo ამოიღეთ, ამოიღეთ და ჟრუანტელად შემოიტათეთ ჩემში. მადლობელი ვარ, მაგრამ ვაი, რომ პირველ რიგში ვისთვისაცაა განკუთვნილი თქვენი მესიჯი ვერაფერს ხვდება, მორალი არ გააჩნია.
4 წლის უკან