ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში არ იქნება. საზოგადოებაში, თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერებში არ არსებობს იმის მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანაში მეორედ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ამის ნათელი გამოვლინებაა ის გამოკითხვები, რომელიც სულ ახლახანს ჩატარდა, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის ფაქტორში“.
„ოპოზიციას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან არაფერს მიიღებს და მას ორი თვის თავზე დასჭირდება აქციების გამართვა? რა სიგნალს ახვედრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს ოპოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს, ისინი აქციებს გამართავენ? - სვამს კითხვებს ირაკლი ჩიქოვანი.
„ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში არ იქნება. საზოგადოებაში, თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერებში არ არსებობს იმის მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანაში მეორედ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ამის ნათელი გამოვლინებაა ის გამოკითხვები, რომელიც სულ ახლახანს ჩატარდა. ამ გამოკითხვებზე მარტო ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, საუბრობენ სენატში, იმ სენატის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ინტერპრეტაციების მთელი ტირადები მოვისმინეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ყური მიებათ იმ განცხადებებზე, რაც იქ გაკეთდა. აი, ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ეს [მოლაპარაკებები] შედეგიანი იქნება და ამ იმედის საფუძველს მაძლევს გუნდში არსებული მზაობა და არა მხოლოდ გამოხატული პოლიტიკური ნება, არამედ კონკრეტული მოქმედებებით დადასტურებული ნება და ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია, რომელსაც ამაში დებენ ევროპული ინსტიტუტები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.