სენატორმა ჯონსონმა თავადვე განმარტა, რომ ამ რეზოლუციის მიზანია, საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად გააგრძელონ მუშაობა, რომ გაუმკლავდნენ ქვეყნის რეალურ გამოწვევებს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „იმედის“ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითავისოს პასუხისმგებლობა და პარლამენტში იმუშაონ საქართველოს რეალური გამოწვევების გასამკლავებლად. გვაქვს რეალური გამოწვევები, რომელშიც საჭიროა მრავალპარტიული ჩართულობა, რომ პარტიების ხმა იყოს კარგად გაგებული. ეს კარგად ესმით ამერიკაში, სადაც დემოკრატიის ძალიან დიდი კულტურაა. მათ ფაქტობრივად ორპარტიულად გვაჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საკანონმდებლო ორგანო. მიუხედავად განსხვავებებისა, ერთად უნდა უმკლავდებოდნენ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა ბაქრაძემ.