შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული

ვენეციის კომისიის საბოლოო სხდომას ონლაინრეჟიმში პირადად ვესწრებოდი და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ანუ საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვის შემთხვევაში სანქციების ნაწილს, ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ისმის, ეს დღესაც სანქცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შენიშვნები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და კანონპროექტზე მუშაობა ამ დასკვნის მიხედვით გაგრძელდება.

„პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი რეგულაციით, ის ორგანიზაცია თუ პარტია, რომელიც იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ორი ათასი ლარით ჯარიმდება. მათ შორის ეს არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნებზეც იყო. მაგალითად, ISFED-ის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „საიას“ პოზიცია იყო, რომ ეს სანქცია არ არის ეფექტური და ამიტომ უნდა ისჯებოდეს ის ორგანიზაცია თუ პარტია, რომელიც უცხოეთის მოქალაქეს კამპანიის დროს იყენებს. რეგულაციის არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან ორგანიზაცია იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეს პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობას, აქ კითხვის ნიშანი არ არის. მათ ჰქონდათ წუხილი და ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამის შესახებ, რომ არ მოხდეს კანონის ინსტრუმენტალიზება. მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით, რასაც გავითვალისწინებთ და ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, საბოლოო ჯამში როგორი სახე მიეცემა ამ კანონპროექტს. შესაძლოა, პირველ ეტაპზე იყოს ჯარიმა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მათ შორის ვენეციის დასკვნაშივე ამოიკითხავთ ამ ვარიანტებს. მაგალითად, იქ მითითებულია, რომ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი ფინანსური სანქციები პარტიის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.