მილიონერ კაილი ჯენერს საზოგადოებისგან ყურადღება არასდროს აკლია. ამჯერად ვარსკვლავი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებს ინსტაგრამზე თავისი სტილისტის დასახმარებლად მოუწოდა. მარტში კაილი ჯენერის სტილისტი სემუელ რაუდა ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მისმა ოჯახის წევრებმა სამედიცინო ხარჯების დასაფარად პლატფორმა GoFundMe-ზე ფულის შეგროვება დაიწყო. გულშემატკივრები ელოდნენ, რომ კაილი ჯენერი სტილისტის სამედიცინო ხარჯებს დაფარავდა, თუმცა, კაილიმ სტილისტს $5 000 გადაურიცხა და სემუელ რაუდას GoFundMe-ს შესახებ ინსტაგრამზე დაწერა.
"გთხოვთ, ყველამ ილოცოთ სემისთვის, რომელიც გასულ კვირას ავარიაში მოყვა და ესტუმროთ მისი ოჯახის შექმნილ GoFundMe-ს", — წერდა მილიონერი კაილი ჯენერი.
კაილის ქმედებას ტვიტერზე უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. საზოგადოება ვარსკვლავს აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ კაილის ქონება $900 მილიონია და სტილისტს უნდა დახმარებოდა.
კაილი უარყოფით რეაქციებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა:
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეჭვები გავფანტო იმ სიცრუის შესახებ, თითქოს ფანებს ვთხოვ ფულს და თავად ჩემი სტილისტის სამედიცინო ხარჯებს არ ვიხდი."
კაილიმ აღნიშნა, რომ სემუელ რაუდა მისი სტილისტი აღარაა და მისი ავტოავარიის შესახებ თავისი ახალი სტილისტისგან — არიელისგან შეიტყო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ავტოავარიის დეტალების შესახებ შეიტყო, კაილი GoFundMe-ზე შევიდა, სადაც სემუელ რაუდასთვის ოჯახი $10 000-ს აგროვებდა, რომლისგანაც $6 000 უკვე შეგროვებული იყო. სწორედ ამიტომ მან სტილისტის დასახმარებლად $5 000 გადარიცხა და ფულის შეგროვების შესახებ ინსტაგრამზე დაწერა, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა.
"არ ვიცი, ეს ყველაფერი ასე როგორ აირია, მაგრამ მისი (სემუელ რაუდას) ოჯახი არიელის დახმარებით დამიკავშირდა და სემისათვის გაღებული შემოწირულობების, ლოცვისა და სიყვარულის გამო ძალიან მადლიერი არიან", — წერს კაილი ჯენერი.
ამის შემდეგ კაილი ჯენერმა საზოგადოებას სემუელ რაუდას, მისი ოჯახისა და განსაცდელში მყოფი ყველა სხვა ადამიანისთვის ლოცვისა და პოზიტივის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:
"ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერს გულით ვაკეთებ და ყოველთვის ვცდილობ დახმარებას, როცა შემიძლია. მოდი, ყველამ პოზიტივი შევინარჩუნოთ და ვილოცოთ სემის, მისი ოჯახისა და ყველასთვის, ვინც ახლა რთულ მდგომარეობაშია. იმედი მაქვს, ყველას მშვენიერი დღე გექნებათ და მოდი, ერთმანეთი სხვების დასახმარებლად წავახალისოთ", — აცხადებს კაილი ჯენერი.
აღსანიშნავია, რომ GoFundMe-ზე სემუელ რაუდას დასახმარებლად უკვე $100 000-ზე მეტია შეგროვებული.