შერონ სტოუნის #MeToo — მსახიობი კარიერაში მომხდარ შევიწროების ფაქტებს იხსენებს

შერონ სტოუნის #MeToo — მსახიობი კარიერაში მომხდარ შევიწროების ფაქტებს იხსენებს

შერონ სტოუნი ახალ მემუარებში — ორჯერ ცხოვრების მშვენიერება — კარიერის ისეთ დეტალებს იხსენებს, რომლებიც #MeToo მოძრაობასთან არის კავშირში.

მსახიობმა რამდენიმე დეტალი გაიხსენა, მათ შორის ყოფილი მენეჯერის სიტყვები, რომელმაც უთხრა, რომ სექსისთვის მიმზიდველი არ იყო და ამის გამო კარიერას ვერ ააწყობდა. გაიხსენა ერთ-ერთ რეჟისორთან მუშაობის გამოცდილება და აღნიშნა, რომ ეს რეჟისორიც "#MeToo-ს კანდიდატია", რადგან გადაღებების დროს სტოუნს "კალთაში ჩაჯდომას და მორჩილებას" სთხოვდა, რაზეც მსახიობი წინააღმდეგობას უწევდა.

მსახიობის თქმით, ერთხელ პროდიუსერმა ფილმის კაც პარტნიორთან დაწოლაც კი დაავალა, რათა მიზიდულობა ეკრანზე უკეთ წარმოჩენილიყო. სტოუნმა აღნიშნა, რომ მსგავს დეტალებზე მუდმივი წინააღმდეგობის გამო რთული მსახიობის იარლიყი მიაწებეს, რაც მის კარიერაზე უარყოფითად აისახა.

შერონ სტოუნი მემუარებში პოლ ვერჰოვენის ფილმ — Basic Instinct-ზე მუშაობის პროცესზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაკითხვის ცნობილი სცენა, რომელშიც მსახიობს საცვალი არ აცვია, სხვაგვარად იყო ჩაფიქრებული და ის მოტყუებული აღმოჩნდა.

"როცა ფილმის გადაღებას მოვრჩით, მის სანახავად დამიძახეს, რომელზეც მხოლოდ მე და რეჟისორი არ ვყოფილვართ, როგორც წესით უნდა მომხდარიყო. ოთახი აგენტებითა და ადვოკატებით იყო სავსე, რომელთა ნაწილსაც იქ არაფერი ესაქმებოდა. ამ ხალხის თვალწინ ვნახე ჩემი გენიტალიები, არადა რეჟისორმა გადაღებებისას მითხრა, რომ არაფრი გამოჩნდებოდა, უბრალოდ თეთრი საცვალი სინათლეს ირეკლავდა და კადრში ცუდად ჩანდა", — იხსენებს სტოუნი.

მსახიობის თქმით, ადვოკატებთან ხანგრძლივი საუბრის შედეგად მიხვდა, რომ დიდი არჩევანი არ ჰქონია, ამიტომ ფილმში სცენის დატოვებაზე დასთანხმდა. ვერჰოვენი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ სტოუნისთვის ყველა დეტალი თავიდანვე ცნობილი იყო.

მემუარები 30 მარტს გამოქვეყნდება. წიგნში სტოუნი იმ მცდელობაზეც მოყვება, რასაც გადატანილი ინსულტის შემდეგ კარიერისა და ცხოვრების ხელახლა შენებისთვის გადის.