იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში ჩატარდა, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი ამგვარად გაგრძელდება და დღეში 300-400 კაცი აიცრება, საჭირო შედეგამდე ქვეყანა 10 წელში მივა და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომ არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში.
„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს, ნამდვილად გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია, ოჯახური ადამიანური და ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.
ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება და სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ და მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება.
გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს და არ ჩამოგვეშალოს ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ 300-400 ადამიანის აცრით, ჩვენ სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ, სწორედ ამიტომ ვერ იქნება ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.