ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. გადავწყვიტე, დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თავისუფლებასა და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს“ - წერს ნატალი საბანაძე.