საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს განახლების, სიყვარულის დღეა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და ურთიერთობა. პანდემიის გამო, განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როცა პირველად ვიყავი პრემიერ-მინისტრი, პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმაც მიულოცა.
„თითოეულ თქვენგანსა და თქვენს ოჯახებს ვულოცავ ამ უმშვენიერეს დღეს. ასევე, სიმბოლურად, ამ ჯგუფის სახელით, მივმართავ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უძველესი კულტურის, უმშვენიერეს ტრადიციას, ნოვრუზ ბაირამს, რომელიც, როგორც პრემიერმა ბრძანა, არის გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, მომავლის, ოპტიმისტური რწმენის სიმბოლო. კეთილდღეობა, მშვიდობა, მტკიცე ჯანმრთელობა არ მოგაკლდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ამ დღესასწაულის სიმბოლიკა და დატვირთვა, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზეა დაფუძნებული, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სტუმრებს დღესასწაული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და პარლამენტის წევრმა, სავალან მირზოევმაც მიულოცეს.
ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.