როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი, ეს არჩევნები იქცევა კვაზი რეფერენდუმად, რაც ძალიან უცნაურია და არ უნდა განხორციელდეს

როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი, ეს არჩევნები იქცევა კვაზი რეფერენდუმად, რაც ძალიან უცნაურია და არ უნდა განხორციელდეს

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირისთვის საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს გვაღელვებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გალერი აცხადებს, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია, მთავრობასა და ოპოზიციას შეუძლიათ შეთანხმება. „ეს არის მართლმსაჯულების სტრუქტურული რეფორმა, პროკურორის არჩევა, საარჩევნო რეფორმა. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ორ ძირითად საკითხზე ამ ეტაპზე კომპრომისი ჯერ არ არის. ეს საკითხებია პატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების გამართვის შესაძლებლობა და როგორ შეიძლება, არჩევნებამდე მისვლა. მე შემიძლია, მხოლოდ მივმართო მხარეებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა გადალახონ ეს საკითხები, რადგან მუდმივი შიდა კრიზისი არ შეიძლება, წესად იქცეს. მე არ ვფიქრობ რომ ევროკავშირი წარუმატებელი იყო. მე ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირისთვის საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს გვაღელვებს. ჩვენ გვსურს დემოკრატიული განვითარება. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოებში წესიერი სიტუაციაა და ქვეყანას შეუძლია კონცენტრირება რეალურ პრობლემებზე. ეს რეალური პრობლემა კი საქართველოსთვის და ჩვენთვისაც არის „კოვიდ-19“-ის კრიზისი, ასევე ეკონომიკური აღდგენა. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ელოდებიან მოქალაქეები.

მაგალითად, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს თანხმობა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმაზე და ამ საკითხზე წინ წაწევა შესაძლებელია, ეს დადებითი ნიშანია, რადგან ეს საკითხი მიბმულია ევროკავშირის მორიგ მაკროფინანსურ მხარდაჭერასთან“, – აცხადებს გალერი.

ევროპარლამენტარის აზრით, საქართველოში პარლამენტი ამჟამად ქმედითია, რადგან ჰყავს საკმარისი წევრები.

„ამავე დროს, ის არ ფუნქციონირებს სათანადოდ, რადგან ნორმალურ დემოკრატიაში პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია და მმართველი პარტია. დიახ, ეუთო-მ არჩევნები ნამდვილად აღიარა, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომ ეს განცხადება მთავრობამ უკან დასახევად გამოიყენოს და თქვას, შეხედეთ, რა კარგი განცხადება იყო, მით უმეტეს, რომ ეუთო-ს შეფასებაში საუბარი იყო გარკვეულ ხარვეზებზე. ახლა სახეზეა პოლიტიკური კონფრონტაცია და ყველამ უნდა იფიქროს გამოსავლის გზებზე. ამიტომ საჭიროა ახალი იდეები. როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში, ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზი რეფერენდუმად. ეს ძალიან უცნაური ინიციატივაა და მგონია, რომ ეს იდეა არ უნდა განხორციელდეს. საჭიროა სხვა სახის კომპრომისი, რომ ორივე მხარემ დათმოს“, – აცხადებს გალერი.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

დღეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ კვლავ აქციები დააანონსეს.