დავით ზალკალიანი: არ გვაქვს ფუფუნება, შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მაშინ, როდესაც რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური სურათია შექმნილი

დავით ზალკალიანი: არ გვაქვს ფუფუნება, შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მაშინ, როდესაც რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური სურათია შექმნილი

„ჩვენი, ისევე როგორც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოლოდინი იყო, რომ დაწყებული პროცესი მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე და კონსენსუსი მიიღწეოდა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებებში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზოგადოება, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხედავენ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯებს, მზაობას, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული და ეს კარგად გამოაჩინა ამ პროცესმაც.

„ყველა ვთანხმდებით, რომ არ გვაქვს ფუფუნება, შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მაშინ, როდესაც რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური სურათია შექმნილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ასევე, რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბული ვითარება; მძიმე სიტუაცია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, ჩვენს ტერიტორიაზე განაგრძობს უკანონო ქმედებას - ეს არის ერთი, ყველაზე უმწვავესი პრობლემა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგს, აღარაფერს ვამბობ პანდემიაზე, რომელიც ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურ ჩართულობას მოითხოვს.

ამის პარალელურად, ეკონომიკური რეაბილიტაცია - ხომ უნდა გამოვიდეთ ამ კრიტიკული სიტუაციიდან, ხომ უნდა გავხსნათ ეკონომიკა, ავამოქმედოთ ყველა სექტორი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ჩამორჩენა, რომელიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ, მთელ მსოფლიოს აქვს ეკონომიკის მიმართულებით, გამოვასწოროთ და წინ წავიდეთ. ამას სჭირდება დიდი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი პარტნიორების მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსი.

პატარა საქართველომ, ამ მართლაც რთულ სიტუაციაში უდიდესი ფინანსური რესურსი მოიძია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ყველაფერი ერთად, ჩვენი გასაკეთებელია, ამის ნაცვლად კი, შესული ვართ უაზრო დისკუსიაში ჩვენს ოპონენტებთან იმასთან დაკავშირებით, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. წარმოუდგენელია, არასერიოზულია. თუ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს; პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გადადგან თამამი ნაბიჯი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არ ვიყოთ გაკვირვების საგანი მთელ მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში. ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი კულტურით, ისტორიით, თუნდაც პოლიტიკური სიმწიფით, დემოკრატიული ინსტიტუტებით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოვიპოვეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რომ სერიოზულ გამოწვევებს მივხედოთ, რადგან ეს პროცესები თუ ჩვენს გარეშე განვითარდა, ძალიან ჩამოვრჩებით, ბევრს წავაგებთ როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე გეოპოლიტიკურ სურათში; უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ამ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამას მომავალი თაობა არ გვაპატიებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

​23 მარტს აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.