გიორგი ხელაშვილი: არ ვაპირებთ ოპოზიციას ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით რამე ვაიძულოთ, ეს ჩვენთვის მიუღებელია

გიორგი ხელაშვილი: არ ვაპირებთ ოპოზიციას ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით რამე ვაიძულოთ, ეს ჩვენთვის მიუღებელია

როცა ოპოზიცია უარს ამბობს შეთანხმებაზე, პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა „შაბათის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„რაიმე მექანიზმი „ქართულ ოცნებას, რომ დაითანხმოს ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული არ გააჩნია“, - განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყენაში ორი გზა არსებობს, იმისთვის რომ ოპოზიცია კონსტრუქცილობაზე დაითანხმო. „ერთია ძალიან არადემოკრატიული გზა, რომელიც მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვის, რომ ოპოზიციას სხვა და სხვა მეთოდებით ხელი გადაუგრიხო. ეს ჩვენმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება ძალისმიერი და უკანონო მეთოდების გამოყენება. ამაზე ყველა უარს ამბობს, ეს გამორიცხულია, რადგან გვინდა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ. არის კიდევ მეორე, რომ დათანხმდე იმ ულტიმატუმებს, რომელიც ოპოზიციისგან მოდის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

დღეს ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ კვლავ აქციები დააანონსეს.