მიუხედავად დღევანდელი ტრაგედიისა, ვაქცინაცია პანდემიის დროს ერთადერთი გამოსავალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას, მათ შორის „ასტრაზენეკასაც“ აქვს თავისი რისკები. მაგრამ ამ რისკს ვერ შევადარებთ იმ სარგებელს, რაც ვაქცინაციას მოაქვს. 100 მილიონი ადამიანი როცა აიცრება, ამ ას მილიონს რომ დამართვოდა კოვიდი, ამ შემთხვევაში გარდაიცვლებოდა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი. აცრის შედეგად, დღევანდელ დღემდე არ გარდაცვლილა არცერთი ადამიანი. ესაა ფაქტები მხოლოდ და მეტყველებს რისკის ერთმანეთთან შეფარდებაზე. 100 000/1 რისკი, ამ დროისთვის 380 000 ათასი დოზაა გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და ერთი ადამიანი დაიღუპა. კონკრეტულად, როცა აცრა დაკავშირებულია სიკვდილთან, ესაა პირველი შემთხვევა“, - აღნიშნა ზოიძემ.
მის თქმით, ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებით ქვეყანამ და სამედიცინო საზოგადოებამ მსხვერპლი გაიღეს. „იმედია, არ შეწყდება ვაქცინაცია და პატივს მივაგებთ ადამიანის ხსოვნას, რომელიც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას. ვირუსის დამარცხების ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია“, - განაცხადა ზოიძემ.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.