თეა წულუკიანი: ოპოზიციამ აღიარა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი მაგიდასთან ჯდომა იყო, ამიტომ ნათელია, ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი

თეა წულუკიანი: ოპოზიციამ აღიარა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი მაგიდასთან ჯდომა იყო, ამიტომ ნათელია, ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას კომპრომისად მიიჩნევდა და მათ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება არ სურდათ.

მისივე თქმით, სწორედ ამით ყველაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი.

„უკვე მრავალი კვირა და თვეა, მთლიანად ოპოზიციის მიდგომაა, რომ ისინი ჩვენთან, მაგიდასთან სხდომას თვლიდნენ კომპრომისად და მათი ერთადერთი დადებული შედეგი იყო, რომ ისხდნენ მაგიდასთან. მათ რეალურად მოლაპარაკება შეთანხმების მისაღწევად არ უნდოდათ. ამას ჩვენ ხშირად ვამბობდით, მაგრამ აკაკი მინაშვილმა დღეს საზოგადოებას ცალსახად დაუდასტურა, რომ ოპოზიცია თვლიდა, რომ მხოლოდ მაგიდასთან ჯდომა არის მისი მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც შეუძლიათ, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგან“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომლის რამდენიმე წინადადება იდო მოლაპარაკების მაგიდაზე.

„ეს წინადადებები მათ ჩვენსავით და ჩვენზე კარგად იციან, რაც იყო. ისინი რჩება ძალაში და თუკი ევროკავშირს კიდევ აქვს სურვილი, რომ მომავალში ძალისხმევა ჩადოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ რა თქმა, უნდა, მზად ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რურუა ვერ ჩაითვლება პოლიტპატიმრად, მელია კონკრეტული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის არის პატიმარი და ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას დღესაც შეუძლია გირაოს თანხა ჩარიცხოს, გათავისუფლდეს და სრულფასოვან პოლიტიკურ პროცესში ჩაებას. ის ამას არ აკეთებს, შესაბამისად, იმის გამო, რომ იყავი დეპუტატი პოლიტიკური მიზნებით მიტინგზე, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ. შესაბამისად, მათი მხრიდან ორად ორი მოთხოვნა იყო, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი და ჩაატარეთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ თემებზე ასე მარტივად ახლა შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ბოლოს აღიარეს სიმართლე, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაც მათ შეძლეს, იყო უბრალოდ მაგიდასთან ჯდომა, ამით ყველაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.