პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მიხეილ სარჯველაძემ ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.
„განხილვა სჭირდება ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, ესე პირდაპირ, რა თქმა უნდა, დათანხმება ამაზე მე, ნამდვილად არ შემიძლია. ეს საკითხი გასავლელია ყველა შემთხვევაში, რომ ამან უბრალოდ არ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი გავლენა, არ მოახდინოს იგივე სხვა პროცესებთან მიმართებით, სხვა მხრივ, დიალოგი, ნებისმიერი ფორმატი, მისაღები იქნება ალბათ. ზოგადი დამოკიდებულება ასეთია მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება იყოს შედეგზე ორიენტირებული. ამდენად, რასაკვირველია, ეს განსახილველად ღირს, ვნახოთ და შეიძლება ვიფიქროთ კიდეც. მაგალითად, ფორმატის შეცვლამ შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ამ ტენდენციაზე, რასაც მოლაპარაკების პროცესი ჰქვია," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს განაგრძობს.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.