ხვალინდელი აქციის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას პარტნიორების მიმართ.
„სამწუხაროდ, გუშინდელი დღე არ იყო დიდი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უნდა განემუხტა. შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს უკვე აღარ ეპარება ეჭვი, რომ გუშინდელი ჩავარდნილი მოლაპარაკებები ივანიშვილის მხრიდან ატარებს გეოპოლიტიკურ ხასიათს, რადგან ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას ჩვენი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ისეთი აქციებისთვის მომზადება, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები.
„აქციების მთავარ მოთხოვნებად რჩება რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გაცილებით უფრო ღრმა და ფართო სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეუქმებინა ხვალინდელი აქცია. ეს განპირობებული და ნაკარნახევი იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა. ამავე დროს, ვფიქრობთ, გაცილებით სხვა ხარისხისა და სხვა დონის მომზადებაა საჭირო ისეთი აქციებისთვის, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროში გაწელილი გეგმით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე და ხვალ 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხედავს, რომ ეს ბრძოლა უკვე ეგზისტენციალური ხასიათისაა, გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, თარიღებისა და რეგიონების მიხედვით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.