ვახტანგ მეგრელიშვილი: მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზაზე წინადადება იყო, თუმცა ის მხოლოდ „გირჩისთვის“ აღმოჩნდა მისაღები

ვახტანგ მეგრელიშვილი: მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზაზე წინადადება იყო, თუმცა ის მხოლოდ „გირჩისთვის“ აღმოჩნდა მისაღები

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით წინადადება იყო. როგორც მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მისი პარტიის გარდა ინიციატივას, რომ „თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა“, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგებოდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გადასარევი და სწორი გადაწყვეტილებაა, ამის გამო ადრე მთელი ოპოზიცია გაგვიწყრა. ერთია, როდესაც ახალ არჩევნებს ვნიშნავთ იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ახალ არჩევნებს, როგორც სასჯელს ისე ვუწესებთ. შენ ხარ ქურდი, მოიპარე არჩევნები და ახლა დანიშნე ახალი არჩევნები - ეს არის ერთი მიდგომა, მაგრამ, თუ ასე დადგებოდა საკითხი, რომ ჩავატაროთ კარგი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც იქნება ისეთივე პროპორციული განაწილება, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე, და თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობის პრეფერენციები შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ 2022 წელს იმის გამო, რომ გვაქვს კრიზისი, დავნიშნოთ არჩევნები და შევაფასოთ. ფაქტობრივად, ჩვენ გარდა, ყველა წინააღმდეგი იყო. ეს ჩვენთვის მისაღები და გასაგები წინადადებაა. სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტი იყო, რომ ეს სხვადასხვა არჩევნებია და რა შუაშიაო. მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს და რატომაა საქართველოში შეუძლებელი, არ ვიცი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.