ოპოზიციასთან მოლაპარაკების დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ, ალბათ ეს უნდა შევუთანხმოთ ჩვენს მედიატორებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მეც და საზოგადოებასაც გვაინტერესებს, თუ რა საკითხები დაისვა მოლაპარაკებებზე. იმიტომ, რომ იქ ჩამოთვლილ ყველა საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“, ჰქონდა კონკრეტული წინადადებები. რამდენიმე საჯაროდაც ცნობილია. იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, თუ არ ვენდობით საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, ჩავატაროთ გამოძიება პარლამენტში. ეს არ ნიშნავს, რომ „პარლამენტის კომისია“ „ქართული ოცნების“ კომისიაა. იქ ორი თავმჯდომარე შეიძლება იყოს. ყველანაირი დოკუმენტი, კითხვა, ყველა თანამდებობის პირი და ინფორმაცია ღიაა ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.