ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ასეთი შედეგის გამო, იმიტომ, რომ რეალურად, ევროკავშირის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში იყო მაღალ დონეზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და მისმა პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ვითარება გამოსულიყო კრიზისიდან, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტიებმა ორივე მხრიდან ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისი თქმით, ევროკავშირს აწუხებს საქართველოს მომავალი. „დღემდე საქართველო იყო ლიდერი ევროკავშირის სამეზობლოში, აღმოსავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მაგრამ ის, რომ ორივე მხრიდან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ იპოვეს კრიზისიდან გამოსავალი, გვაჩვენებს, რომ დემოკრატიის მომწიფებულობა საქართველოში საკმაოდ სუსტია“, - აღნიშნა კუბილიუსმა.
ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწწევრიანება, უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ესმით პასუხისმგებლობა მომავალთან დაკავშირებით. „პოლიტიკური პარტიები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც ევროკავშირში იქცევიან“, - აღნიშნა კუბილიუსმა.
გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.