ბიძინა კულუმბეგოვი: არ ვიცი, ამ ადამიანის, ჩვენი ქვეყნის ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც 3,000 ინექციიდან ანაფილაქსიური რეაქცია დაგვატყდა თავს

ბიძინა კულუმბეგოვი: არ ვიცი, ამ ადამიანის, ჩვენი ქვეყნის ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც 3,000 ინექციიდან ანაფილაქსიური რეაქცია დაგვატყდა თავს

არ ვიცი, ამ ადამიანის, ჩვენი ქვეყნის ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც 3,000 ინექციიდან ანაფილაქსიური რეაქცია დაგვატყდა თავს, როცა მილიონიდან სულ 7-8 ადამიანს შეიძლება პოტენციურად დაემართოს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღესთან“, 27 წლის ექთნის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კულუმბეგოვმა სხვადასხვა ვაქცინის მიერ მილიონ ადამიანზე გამოწვეულ ანაფილაქსიურ რეაქციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მხრივ ყველაზე უფრო დაბალი შედეგით "Moderna" გამოირჩევა.

„რაც შეეხება ანაფილაქსიებისა და ასეთი ტიპის რეაქციების სტატისტიკას, დღეისათვის მონაცემები შემდეგია: "Pfizer"-ის ვაქცინა საშუალოდ 1 მილიონ დოზაზე 4,5 ანაფილაქსიურ რეაქციას ავითარებს. მაგალითად, გრიპის ვაქცინა მილიონი ადმინისტრირებული დოზიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში ავითარებს ანაფილაქსიას, "Moderna"-ს ვაქცინა შედარებით ყველაზე დაბალია და მისი მაჩვენებელი 2,5-ია, რაც შეეხება "AstraZeneca"-ს, დღეის მონაცემებით 5 მილიონი შემთხვევის ანალიზის შედეგად, ეს არის 1 მილიონზე 8 შემთხვევა. შედარებით უფრო მეტია ამ 3 ვაქცინას შორის ანაფილაქსიის რისკი "AstraZeneca"-ს ვაქცინის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, არ ვიცი, ამ ადამიანის, ჩვენი ქვეყნის ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც 3,000 ინექციიდან ანაფილაქსიური რეაქცია დაგვატყდა თავს, როცა მილიონიდან სულ 7-8 ადამიანს შეიძლება პოტენციურად დაემართოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.