ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„წუხელ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, ამ მოლაპარაკებების სრული ფიასკოს შეჯამებისას, ორი საყურადღებო რამ ბრძანა:
- ეს არის - ექსტრემისტული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი;
- ხელოვნურ კრიზისს არ შეუძლია ქვეყნა სერიოზულად დააზიანოსო.
ყველამ იცის ჩემი პირადი სიმპათიები ბ-ნი ირაკლის მიმართ; არასდროს დამიმალია, რომ მას არა მხოლოდ უდიდეს პატივს ვცემ, არამედ განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ;
და სწორედ იმიტომაც, რომ ვგულშემატკივრობ, თავს უფლებას ვაძლევ და ვერ დავეთანხმები, რომ ხელოვნურ კრიზისს არ შეუძლია ქვეყნის სერიოზულად დაზიანება. პირიქით - სწორედ ასეთ ხელოვნურ კრიზისებს, თუკი მათი აღკვეტა დროულად არ მოხდა, არა მხოლოდ სერიოზულად დაზიანება, არამედ ქვეყნის დაქცევა შეუძლია! ამის არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს, მათ შორის - ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც.
ცხადია, უდავოდ: კრიზისი თავიდან ბოლომდე ხელოვნურად არის ინსპირირებული და მას ფაქტობრივი, ობიექტური საფუძველი ნამდვილად არა აქვს. არც არჩევნები გაყალბებულა და არც პოლიტპატიმრების"პრობლემა რეალურად, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბუნებრივია - ქვეყანაში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს მეტად საშიში კრიზისია, ვინაიდან:
ა) ხელოვნურად ინსპირირებულობასთან ერთად იგი - სრულიად არაკონსტიტუციურია; კონსტიტუციაში მსგავს კრიზისზე, როცა საქმე გვაქვს პარლამენტის და ავტომატურად, სახელმწიფოს საბოტაჟთან, არაფერი წერია და არც კრიზისიდან კონსტიტუციურ გამოსავალზე არაფერია ნათქვამი. ეს იმთავითვე შეიცავს საფრთხეს, რომ კრიზისი არაკონსტიტუციური და უარესიც: ანტი-კონსტიტუციური მიმართულებით განვითარდეს და ძალადობრივი გზით გადაიჭრას. რის უწყვეტ მცდელობებსაც აგერ უკვე 5 თვეა, თვალს ვადევნებთ.
ბ) კრიზისი საშიშია ასევე მისი ინსპირატორების ექსტრემისტული პოლიტიკური მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული "ჰიბრიდული" მეთოდების გამოც; უპასუხისმგებლო თვითიმედოვნება იქნება, რომ ანგარიში არ გაუწიოთ თითქოსდა "ცარიელი კარვებით" პარლამენტზე შეტევას, რაც 24 საათიანი პროპაგანდისტული, ნამდვილი საინფორმაციო შტურმის მხოლოდ ხილული "რექვიზიტია" და ქმნის, მართალია, ყალბ, თუმცა უაღრესად საშიშ აღქმას ქვეყანაში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობის შესახებ; "ცარიელი კარვების" ტაქტიკა არის იმ "რევოლუციური" სტრატეგიის, რისი არსიცაა -"მართავს არა ფაქტი, არამედ აღქმა", ნაწილი და ხანგრძლივადიან პერსპექტივაში მას გარდაუვლად მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია.
რასაკვირველია, ამ ხელოვნური კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღვივებისა და ესკალაციის ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა უნდა მთლიანად გადაიკეტოს. რაც ნიშნავს პარლამენტის საბოტაჟის აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი ზომების დროულად (!) მიღებას.
ასევე, აუცილებელი იქნება სამართლებრივი ზომების მიღება დეზინფორმაციული პროპაგანდის შესაკავებლადაც.
უნდა გვახსოვდეს: ხელისუფლების უწინარესი ვალდებულებაა ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილობის უზრუნველყოფა, ხოლო ეს წარმოუდგენელია, თუკი ექსტრემისტული ძალები სახელმწიფოს საბოტაჟს ისევ დაუსჯელად და ფაქტიურად,რაიმე არსებითი წინააღმდეგობის გარეშე გააგრძელებენ“!