ჩვენი პირველი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექთანი კლინიკაში შეყვანილია საათ-ნახევრის წინ, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.
„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარებულია ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩატარდა როგორც ლაბორატორიული ისე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.