ეს ტრაგიკული ფაქტი, რაც დღეს ახალციხეში მოხდა, ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
„ახლა, ამ ეტაპზე ჩვენი პირველი ამოცანაა, მოქალაქეებს თანმიმდევრულად, მშვიდად, ციფრებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ავუხსნათ რა სიკეთე აქვს ვაქცინას და რატომ არის ის აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა არანაირ დაძალებაზე ლაპარაკი არ არის, ჩვენ არგუმენტებით უნდა შევძლოთ მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინის სიკეთეში. მე არ ველოდები რომ ქვეყანაში ვაქცინაციის შეჩერების საკითხი დადგეს“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.