საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ნათია ჩირიკაშვილის განცხადებით, რაგბის კავშირის თავმჯდომარის სარეგისტრაციო წარმოება წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დასრულდება. ამის შესახებ მან imedinews-ს განუცხადა.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრი მიუკერძოებელი ორგანოა და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებს.
„საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის სარეგისტრაციო წარმოებაზე წესდების რეგისტრაციასთან მიმართებით პროცედურული ხარვეზი დააფიქსირა. საჯარო რეესტრი მიუკერძოებელი ორგანოა და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებს. იგი თავისუფალია პოლიტიკური გავლენისა და კონიუნქტურისგან. სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება შეჩერების მიზეზის გამოსწორებისთანავე“, - განაცხადა ჩირიკაშვილმა.
10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმით გაიმარჯვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა ეს საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ ყოფილა.