ვერ დავეთანხმები მოსაზრებებს, რომ არც ერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე. ვფიქრობ, ხელისუფლება საამისოდ ძალიან კარგადაა განწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება განწყობილია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს ისეთი შედეგით, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. სარჯველაძე იმედოვნებს, რომ შეთანხმება მიიღწევა.
„პრინციპში, ამ გასულმა პერიოდმა, არჩევნების პერიოდიდან დღემდე, ნათლად დაადასტურა ხელისუფლების რეალური მზადყოფნა, განწყობა, რომ მოლაპარაკებები იყოს შედეგიანი და პრაქტიკულად, მოხდეს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება შედეგიანობის თვალსაზრისით ამ მოლაპარაკებების პერსპექტივებს, რა თქმა უნდა, არის იმედი, რომ რეალურად მიღწევადი შეიძლება აღმოჩნდეს ეს შეთანხმება. ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებელი იქნება ყველა მხარის განწყობა და აღიარება იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, ყველამ დავთმოთ, მეორე პლანზე გადავიტანოთ ნებისმიერი ჩვენი ღირებულება, თუ ის არ არის ამ კონკრეტულ ვითარებაში თავსებადი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მთავარ პრიორიტეტებთან.
კითხვაზე: „კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიციის პოზიციები თანდათან უფრო სუსტდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი განცხადებები მოლაპარაკებებისთვის ხელისშემშლელია“, სარჯველაძე აცხადებს, რომ ასე არ ფიქრობს.
„არა მგონია, რომ ეს არის ხელისშემშლელი. ეს არის შეფასება დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი შეფასება შეიძლება ხელისშემშლელი იყოს მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, ნამდვილად შემიძლია ოპოზიციური ლიდერების არაერთ განცხადებაზე მივუთითო, რაც დამაზიანებელი იყოს ასეთი პროცესისთვის. თუ ყველა ვზრუნავთ საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ყველას მოვალეობაა, პარლამენტი, რომელიც გახლავთ ამ პროცესების წარმართვის ადგილი, ვიზრუნოთ, რომ პრაქტიკულად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი არ რჩებოდეს პარლამენტის დარბაზის მიღმა. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ მართლაც უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სარჯველაძემ.