კონსტანტინ კოსაჩოვი: რუსეთის მიერ აშშ-დან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა უკანასკნელი რეაქცია არ იქნება, თუ ბაიდენის განცხადებებს განმარტება და ბოდიში არ მოჰყვება

კონსტანტინ კოსაჩოვი: რუსეთის მიერ აშშ-დან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა უკანასკნელი რეაქცია არ იქნება, თუ ბაიდენის განცხადებებს განმარტება და ბოდიში არ მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უხეში განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით აუცილებლად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა Facebook- ზე განაცხადა.

„ამგვარი განცხადებები მიუღებელია და აუცილებლად გაზრდის დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. აშშ-ში რუსეთის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის სწრაფი, ადეკვატური და ერთადერთი გონივრული რეაქცია ასეთ ვითარებაში და ვვარაუდობ, რომ არა უკანასკნელი, თუკი ამერიკის მხრიდან განმარტება და ბოდიშის მოხდა არ მოჰყვება,“- აღნიშნა კოსაჩევმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ბაიდენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. მოსკოვმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.