როცა მიხეილ სააკაშვილი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას, ეს არის მცდელობა, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუციაზე, მაგრამ ეს არ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სუბარი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს. მისივე თქმით, „დღეს, წესით, შეხვედრების ფინალური დღე უნდა იყოს", თუ პროცესები კიდევ არ გაიწელა. როგორც სუბარი აღნიშნავს, შეთანხმება ყველა საკითხზე უნდა შედგეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერზე თმობს მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე მხარე".
„გუშინ ყველა ვუსმენდით, ორივე მხარე გამოვიდა იმედიანი, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. თუმცა, დავინახეთ ისეთებიც, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი და გადავიდნენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა- გინებაზე მორიგ ჯერზე. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე - დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმება, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თმობს მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე მხარე. ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. როცა ადამიანი ტოვებს მოლაპარაკებას, ნათელაშვილს ვგულისხმობ და იწყებს ლანძღვას ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას და პრაქტიკულად ძაღლებს უწოდებს - „ისინი ჰყეფენ და ქარავანი მიდის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებო“, ეს არ გვიკვირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც კოლონიზატორებს შეადარა დასავლეთი, ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება და ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ეს რევოლუცია არ მოხდება და ამას ქართველი ხალხი ხედავს,"- განაცხადა სუბარმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია“.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთოდ არ აინტერესებს არავის აზრი.
„აბა, შემომიშვან ჩემს ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, ზუსტად რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში. დასავლეთში როგორც იქნებოდა, ისე იყოს. ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან... სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.