ჰუბერტ ქნირში: საქართველოში სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და ისეთი, სხვა ქვეყნებში რომ არ ყოფილიყო

ჰუბერტ ქნირში: საქართველოში სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და ისეთი, სხვა ქვეყნებში რომ არ ყოფილიყო

გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

„არის ორი პოლიტიკური მხარე, რომელიც ერთმანეთს ძალიან რთულად უგებს და შეიძლება, ვეღარც უგებს, ორ ნაწილადაა დაყოფილი. ეს აწუხებს ყველა ქართველს და ჩვენც, როგორც პარტნიორებს.

ყველა ქვეყანას თავისი სირთულეები აქვს. სოციალიზმის დასრულების შემდეგ პოლონეთში ვცხოვრობდი, იქაც იყო სირთულეები სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებისას. ვიდრე საქართველოში წამოვიდოდი, ოთხი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და იქ კიდევ განსხვავებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, საქართველოში სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და ისეთი, სხვა ქვეყნებში რომ არ ყოფილიყო.

ევროკავშირში წუხილი საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ამ ბოლო დროს უფრო გაიზარდა, უფრო მეტად გვესმის ევროპელი პოლიტიკოსების, გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ვიღაცამ თავი მოგვაწონოს. ჩვენ გვინდა, დავინახოთ ჩვენი პარტნიორის კეთილდღეობა, რომ ხალხმა ის იგრძნოს, რასაც ევროპაში გრძნობს ადამიანი. 100-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა. მგონია, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის უნდათ“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, ხალხმა, მედიამ და პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გადაწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს.

„ასეთი ნამდვილად ბევრია. საქართველო არ იწყებს ნულიდან, საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში განახლდება.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. გუშინ ევროკავშირის ოფისში შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა და კულუარული ინფორმაციაც გაახმაურა, რომლის მიხედვითაც მიშელის წარმომადგენელი ოპოზიციას პარლამენტში შესვლის რეკომენდაციას აძლევს.