ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს

ჩვენ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არავითარი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში შედგეს შეთანხმება.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზეროგორც ევროკავშირში, ისე ნატოში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.

ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები, ოკუპაცია, უმუშევრობა და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.