პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე განმარტავს, მხარეებს შორის ჯანსაღი დისკუსია გაიმართა და შეხვედრა პოზიტიური იყო.
„ ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების პროცესს და შეთანხმებას შეუწყობს ხელს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც, რაც ძალიან კარგი იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პარლამენტშიც გვინდა, რომ იყოს ზუსტად ისეთი ოპონირება და საუბარი, რაც დღეს ვნახეთ აქ, ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მაგიდასთან.
დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური იყო ის, რომ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების და არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და ჩვენს პოზიციებს შორის განსხვავებების ძებნაზე.
დიალოგის ამოსავალი წერტილია, მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები, რომელიც უამრავია, ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ.
პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ეს საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგმას და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, ეს შეთანხმება შედგეს“,-აცხადებს თალაკვაძე.