გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი არ შეიძლება.
“გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გითხარით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.
გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,-აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.