ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, თქვენ ნატოს კარგად იცნობთ და ჩემთვის დიდი პატივი და დიდი სიამოვნებაა კვლავ გიხილოთ ჩვენთან, - ასე მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
„ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით ავღანეთი არასდროს გახდება საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნე. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.
„დღევანდელ შეხვედრაზე და მომდევნო - ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. ის საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და ნატოში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.