ჟოზეფ ბორელი გუშინ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების გამო ქართული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ევროპელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ კამპანია სოციალური ქსელიდან დაიწყო. „ნაციონალური მოძრობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ევროკომისიის ვიცი-პრეზიდენტს მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას უწუნებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.
„არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება. ბატონი ბორელის მიერ მოხმობილ ეუთოს შემაჯამებელ დოკუმენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არაა შეფასებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის ნაცვლად გვაქვს მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: „არჩევნები იყო ძირითადად კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ძირითადად, დაცული“(the elections were competitive and, overall, fundamental freedoms were respected).
ამ ჩანაწერის აკუმულირებით მივიღებთ free (თავისუფალ) სტანდარტს, მაგრამ ვერანაირად fair (სამართლიან) სტანდარტს. მსგავსი ტექსტი, რუსეთის არჩევნების შეფასებებშიც გვინახავს, მეტიც, უკეთესი ტექსტებიც“, - წერს Facebook-ზე ნიკა გვარამია.
ეკა კვესიტაძისთვის ბორელის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ მთავარი შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის განცხადებებია.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ბორელი ის კაცია, რომელმაც წარმოუდგენელი სირცხვილი იწვნია მოსკოვში ლავროვთან შეხვედრის დროს, ისეთი, რომ ევროპარლამენტში მისი გადადგომის მოთხოვნით 80-ზე მეტი დეპუტატი გამოვიდა და საშინელი კრიტიკის ქვეშ მოექცა. ამიტომ, მთავარია, შარლ მიშელი და დანიელსონი რას იტყვიან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ“, - წერს ეკა კვესიტაძე.
თამარ ჩერგოლეიშვილი ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს როგორც „ზოგადს“ და ფიქრობს, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესთან კავშირში არ არის.
„ნუ გიკვირთ, რომ ბოიკოტს არც ახლა ეთანხმებიან ევროპელები - არასოდეს, არასოდეს დაუჭერს დასავლეთი მხარს საპარლამენტო ბოიკოტს. არც ეუთოს შეფასება შეიცვლება - არასოდეს. (სამართლიანია თუ არა, ამის განხილვაში შესვლასაც მნიშვნელობა აღარ აქვს). ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონსენსუსი შემდგარია იმაზე, რომ პოლიტიკურ კრიზისში ვართ და უნდა გამოვიდეთ. ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე, ეს კრიზისი ვერ გადაწყდება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მიშა მშვილდაძეს კი ევროპელი დიპლომატების კომპეტენციაში ეპარება ეჭვი.
„მე უფრო მარტივად ვიტყოდი - ევროპა ისევ არაფრის აზრზე არაა, სამწუხაროდ და ამავდროულად და ამავდროულად საბედნიეროდაც, იმიტომ რომ სულ მასეა ეგ და მივეჩვიეთ ამასობაში მთელი მსოფლიო“, - წერს მიშა მშვილდაძე.
ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.