დიალოგის განახლებისთანავე ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღესაც იმედი მაქვს, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისები გაკეთდება, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა. არჩილ თალაკვაძე დღეს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელისა და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. ხაზს გავუსვამ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რაც მოვისმინეთ. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც სამართლიანს. მან ასევე გააკეთა დიპლომატიური, მაგრამ მკაფიო გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით, თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზებ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.