ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული მოლაპარაკებები და დღეს მოგვიანებით დაგეგმილი ასოცირების საბჭოს შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციისკენ, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა გააკეთა.
„სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით, სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიისა და ეკონომიკის რეფორმების განვითარების კუთხით მიაღწია“, - აღნიშნა ხელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ისე თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულების მხრივ. „ევროპისკენ გადასადგმელი რთული ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა. მაგრამ 2024 წლისთვის პირობას შევასრულებთ და გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.