ჭყონდიდში რაც მოხდა, არის ძალიან საშიში ფაქტი, ეს არის ზღვარს გადასული ქმედება, ეს არის შეჭრა რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იმ ბრძოლის ხილულად გამოჩენა იყო, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
“მსგავსი რამ, რომ მომხდარიყო ნებისმიერი სხვა კონფენსიის შემთხვევაში, მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებებს გააკეთებდნენ. აი, ჩვენთან კი მოხდა ასეთი რამე, სახე არის, რომ იყო მობილიზებული სპეციალურად ხალხი, აშკარად აქ იყო სხვა განზრახვა და ეს იყო შეჭრა და ეს კადრებშიც ჩანს, რომ პირველი იქ შეიჭრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაუპატიჟებლად. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის პროცესი და მრავალი ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა ეს. ასე რომ, ეს არის ხილულად გამოჩენა იმ ბრძოლისა, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა დეკანოზმა.