ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველას, მათ შორის ჩვენც, კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველას, მათ შორის ჩვენც, კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს

ყველას, მათ შორის ჩვენც, კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაც კონკრეტული საკითხები, რომელიც რომელიმე მხარისთვისაა მნიშვნელოვანი, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

„ამ პროცესში, მედიატორები უკვე ფაქტობრივად, მენეჯერებად გრძნობენ თავს. ისინი ნამდვილად გვესაუბრებიან ისე, რომ არიან არა უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ - საკუთარ პოზიციასაც გვიფიქსირებენ. ეს მათ სტატუსზე კარგად მეტყველებს“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა დღეს უკვე მესამე შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების შემდეგ, კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრაზე იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე უკვე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე - „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

იქამდე, დილით გამართულ შეხვედრას, „ქართული ოცნების“ მხრიდან, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათ მოლაპარაკებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, დღეს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდეს შარლ მიშელის წარმომადგენელს.