14 მარტს გრემის რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მასშტაბურ მუსიკალურ დაჯილდოებას ჰარი სტაილსი გახსნის, რომელიც თავად სამ ნომინაციაშია წარდგენილი.
შოუს პროდიუსერების თქმით, სამსაათნახევრიანი ცერემონია დაუვიწყარი საღამო იქნება, რომელიც "არ უნდა გამოტოვოთ". იგი ლაივ-შესრულებებს მონატრებული მსმენელისა და მაყურებლისთვის "ნამდვილი შვება იქნება".
რაც შეეხება შოუს გამხსნელ ჰარი სტაილს — როგორც აღვნიშნეთ, იგი სამ კატეგორიაში იბრძოლებს პრესტიჟული პრიზის მოსაპოვებლად: საუკეთესო სოლო პოპ-შესრულება Watermelon Sugar-სთვის, საუკეთესო ვიდეოკლიპი Adore You-სთვის და საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომი Fine Line-სთვის, რომელიც 2019 წელს გამოვიდა და აქამდე უკვე 2,5 მილიონ ცალად გაიყიდა.
უშუალოდ შოუ კი კარგად დაგეგმილი სცენარის მიხედვით წარიმართება. რადგან იანვარში გასამართავი ცერემონია პანდემიის გამო ორი თვით გადაიდო, პროდიუსერებსაც მეტი დრო ჰქონდათ სამუშაოდ.
სანახაობა, რომელსაც კომიკოსი ტრევორ ნოა გაუძღვება, საშემსრულებლო სივრცეებიდან პერიოდულად ღია ცის ქვეშ განთავსებულ კარავში გადაინაცვლებს ხოლმე, თუმცა, ზოგიერთი პერფორმანსი წინასწარ იქნება ჩაწერილი.
როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი აღნიშნავს, ეს იქნება საჩუქარი მომღერლებისთვისაც, რომლებმაც, ასევე რთული წელი გადაიტანეს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სცენაზე ავიდნენ და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ მონატრებულ საკუთარ გულშემატკივრებთან. იგი ასევე დასძენს, რომ, მიუხედავად გრემიზე მისი მუშაობის ოცწლიან პერიოდში ყველაზე დაძაბული წლისა, მომღერლებთან მუშაობა ადვილია, რადგან "ესმით, როგორ სიტუაციაში ვიმყოფებით ყველანი".
შოუზე ასევე იმღერებს სამხრეთკორეული ჯგუფი BTS, ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში, კრის მარტინი, დუა ლიპა, Doja Cat, Post Malone, Cardi B, Megan Thee Stallion და სხვები.
საინტერესოა ისიც, რომ წელს პირველად აჩვენებენ რეჟისორ გიბსონ ჰაზარდის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც დაჯილდოებაზე წარდგენილი ყველა სიმღერის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს.
"მაყურებლისთვის ეს ჩვეულებრივი 'ზუმის გადაცემა' არ იქნება", — ამბობენ პროდიუსერები, — "ზუსტად ისეთივე სიამოვნებას მიიღებთ, თითქოს 14 ათასი ფანით იყოთ გარშემორტყმული".
გრემის დაჯილდოება კვირას, 14 მარტს, თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.