დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„ოჯახმა მწუხარებით შეიტყო, რამდენად რთული იყო ბოლო რამდენიმე წელი ჰარისა და მეგანისთვის. წამოჭრილი საკითხები, განსაკუთრებით რასიზმის საკითხი, შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება შეიძლება განსხვავდებოდეს, ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ოჯახი ამას კერძოდ განიხილავს. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის ძალიან საყვარელი წევრები“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის განცხადებაში.
8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა.
ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ახალშობილს ჰქონოდა.
მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.