დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის

პროტესტის გაგრძელება ჩვენთვის გასაგებია. მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით მეუფე სტეფანემ საეკლესიო წესის მიხედვით ეპარქიის გაფართოებული სხდომა მიიწვია, რომელზეც საერო პირების დასწრება კანონმდებლობას არ ესაბამება.

„ამ შემთხვევაში ამ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო საკითხები, რომელიც აღელვებს მორწმუნე საზოგადოებას. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ, რადგან კრებაზე მხოლოდ კითხვები დაისვა და როდესაც დადგა ჯერი, რომ მეუფე სტეფანეს უნდა გაეცა პასუხები მღვდელმსახურებებისთვის, ამ დღეს ატყდა იქ ხმაური და მოწოდებები, რომ შემოსულიყვნენ ხალხი და მათაც მიეღოთ კრებაში მონაწილეობა, რაც კანონმდებლობით აბსოლუტურად შეუსაბამოა. თუ არის ეპარქიის გაფართოებული კრება, კრებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სამღვდელოება. თუ იყო საჯარო კრება და ერისკაცები უნდა ყოფილიყვნენ, ეს წინდაწინ უნდა დაანონსებულიყო. ასეთი დაანონსება არ ყოფილა. მეუფეს განზრახვა იყო მხოლოდ შეხვედროდა მღვდელმსახურებს“, - განმარტავს დეკანოზი.

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.