გიორგი ვოლსკი აუდიოჩანაწერებზე: უნდა დადგინდეს, ვისთან გვაქვს საქმე - კერძო პირებთან თუ ოფიციალურ სტრუქტურებთან

გიორგი ვოლსკი აუდიოჩანაწერებზე: უნდა დადგინდეს, ვისთან გვაქვს საქმე - კერძო პირებთან თუ ოფიციალურ სტრუქტურებთან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უნდა დადგინდეს აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, როდის არის გაკეთებული და ვისთან გვაქვს საქმე - კერძო პირებთან თუ ოფიციალურ სტრუქტურებთან.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც გადადგა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, ემსახურება სურათის შექმნას, რომ თითქოს დღეს სახელმწიფო სტრუქტურები ბერა ივანიშვილის მიერ შედგენილი სიით ანგარიშს უსწორებენ ახალგაზრდებს.

„ეს განპირობებულია იმით, რომ ის დანაშაულები, რაც ჩადენილია წინა ხელისუფლების მიერ - ქუჩაში ანგარიშსწორება, მოკვდინება, წამება, ქონებისა და ღირსების წართმევა - ეს უნდათ გადაფარონ როგორმე, რადგან ეს რეალობა არ აძლევს მათ საშუალებას მეტი ხალხი მოიზიდოს აქციებზე. ამის გამო გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მანქანაში იჯდა და გაიგონა უკან მჯდომები როგორ ეუბნეოდნენ და ტელეფონით ბერა ივანიშვილის ხმა იცნო 11 წლის წინ. ჯერ ერთი, არასრულწოვნის ფარული ჩაწერა კანონით არის აკრძალული, გინდ ბერა იყოს, გინდ სხვა. მაშინაც მათ დავალება ჰქონდათ, რომ ეგინებინათ იმ ოჯახის არასრულწლოვანი წარმომადგენელი, და დღესაც მიღებული აქვთ დავალება, კვლავ აგინონ და თავი დაზარალებულად წარმოადგინონ. თუკი შეიქმნა წინაპირობა იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩართულები ადამიანების ჩაგვრაში, მაშინ ეს უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებითაც, მაგრამ რაღაც რეალობა ხომ უნდა შეიქმნას, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა. რეალობა არის ის, რომ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს ინტენსიურად აგინებდნენ, მასზე განხორციელდა შეტევა ვირტუალურ სივრცეში და დღეს ის ახალგაზრდები ამბობენ, მაშინ ვაგინეთო, დღესაც კიდევ ვაგინეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ძალადობის მსხვეპრლიო. რაიმე ძალადობა რომ მომხდარიყო, ეს სადისტური რეჟიმი რა მდგომარეობაში ჩააგდებდა ოპინენტს. ლოგიკურად რომ შევხედოთ, ამას საფუძველი არ აქვს, მაგრამ საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი ჩაიწერეს და ამის გარდა განხორციელდა უკანონოდ კერძო პირების ჩაწერა, მერე ამ მასალის მონტაჟი და გავრცელება პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს სურათი ნათელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.