საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენისთვის საფარველი არ არის, - ამისი შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკურ შეკვეთას ვერ მისცემს. ვოლსკი აცხადებს, რომ მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა მომგებიანი მმართველი პარტიისთვის არ არის, თუმცა არსებობს კანონი და სატელევიზიო ჩანაწერები.
„კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და რასაკვირველია, ამას ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ დადასტურება სჭირდება. რას იზამს სასამართლო, მე წინასწარ ვერ გადავწყვეტ. ამიტომ, შევეჩვიოთ იმას, რომ ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკურ შეკვეთას ვერ მისცემს. თუ როგორ კეთდება, მაშინ მეგობრების ჯგუფმა გვიკარნახოს, როგორ შეიძლება, მათ სახელმწიფოებში პრეზიდენტმა, პარტიის ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მიუთითოს, რა უნდა გაკეთდეს, თუკი დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი გამოცდილება არსებობს.
არ მგონია, მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა მომგებიანია მმართველი პარტიისთვის, მაგრამ არსებობს ჩემი ემოცია და არსებობს კიდევ კანონი, ასევე სატელევიზიო ჩანაწერები, თუ როგორ უტევს და გაცილებით უფრო ბრუტალურად, ვიდრე 6 იანვარს იყო გაკეთებული შეტევა კაპიტოლიუმზე, ამაში მონაწილეობდა და ორგანიზატორი იყო ნიკა მელია. თუ ამას დაადასტურებს სასამართლო, მაშინ რაღაც მექანიზმი უნდა მოვძებნოთ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრების შეკვეთა შევასრულოთ, მაგრამ გვავიწყდება მთავარი რამ, არსებობს ქართული საზოგადოება, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენისთვის საფარველი არ არის“, - განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.