ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის და, რა თქმა უნდა, სასამართლოს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავით ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულების ბრალეულობას ადასტურებს.
„ამ შემთხვევაში მტკიცებულებები არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და უშუალოდ ხედავდნენ, ისმენდნენ ყველა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას, მათ შორის იმ გარემოებას, თუ როგორ გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს გზა, როგორ მისდევდა მას ნაწილი მათგან და შემდგომ უკვე მდინარის მიმართულებით როგორ მიმდინარეობდა დევნა და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, იქამდე განხორციელებულ დევნას, მოტივაციას, რა თქმა უნდა, ყველა ეს გარემოება არის სასამართლოში დამტკიცებული და დღეს გამოჩნდა, რომ უტყუარად გაიზიარა სასამართლომაც ბრალდების მხარის პოზიცია“, - განაცხადა ყაზარაშილმა.
მან დაცვის მხარის მიერ განაჩენის შეფასებაზეც გააკეთა კომენტარი.
„რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ისინი არასდროს იქნებიან კმაყოფილები, თუმცა ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და დაცვის მხარეს გარდა იმისა რომ რაიმე სახით მოახდინონ დისკრედიტაცია ბრალდების მხარის მოწმეების, სასამართლოსი, სხვა არაფერი დარჩენიათ“, - დასძინა პროკურორმა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.