მირიან ნიკოლაძე: განაჩენი სრულიად ობიექტურია - არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში

მირიან ნიკოლაძე: განაჩენი სრულიად ობიექტურია - არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში

განაჩენი სრულიად ობიექტურია. ეს იყო დანაშაულის, დამნაშავე პირებისა და მომხდარ ფაქტთან ზუსტი, იდენტური ასახვა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა ძალიან სწორ სასჯელში - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„მეორე საკითხია ის, რომ ყველა ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ბრალდებულები და მათი ოჯახების წევრები ატარებდნენ. არ ვიცი, რამდენად იციან მათი ოჯახების წევრებმა სიმართლე, მაგრამ 9-თვიანი შოუ დასრულდა. მათ უნდოდათ საზოგადოებრივი აზრის ფორმულირება ისე, რომ თითქოს ისინი იყვნენ უდანაშაულოები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში. ამას მიხვდება ყველა, ვისაც სისხლის სამართალი ანბანურ, პირველკურსელის დონეზე მაინც ესმის. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.