ამერიკელი ექსპერტი პაემნების საკითხში აცხადებს, რომ ადამიანებს ფლირტი მაშინაც კი შეუძლიათ, როცა ყველა პირბადეს ატარებს. ჯინ სმიტის ინტერვიუს ამ თემაზე Fox News-ი აქვეყნებს.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თვალები ადამიანის სულში ფანჯარაა, იმ პირობებში კი როცა ადამიანის სახის უდიდესი ნაწილი ნიღბით არის დაფარული გამოხედვას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში თვალებით ფლირტის რამდენიმე ხერხი არსებობს: გვედით გახედვა და შემდეგ მზერის ინტერესის ობიექტზე დაფიქსირება, „თოჯინის თვალები“ - როცა ადამიანი თვალებს აფართოებს და „ინტენსიური მზერა“ - ადამიანის თვალებში მიზანმიმართული მზერა.
სხვა ხრიკებს შორის ექსპერტი თვალის ჩაკვრასა და წარბის აწევს ასახელებს. კიდევ ერთი მეთოდია ადამიანს თვალებში 3 წამის განმავლობაში ან ხანმოკლე პაუზებით სამჯერ შეხედოთ.