ლევან იოსელიანი: არსებითი მნიშვნელობა აქვს 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-სა თუ 2016-ში, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს

ლევან იოსელიანი: არსებითი მნიშვნელობა აქვს 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-სა თუ 2016-ში, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს

ლოგიკური იქნებოდა, პირველივე წუთიდან თავად პროკურატურას დაეწყო გამოძიება და ასე ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა ასეთი სახის ჩანაწერები გამოდის და ხდება საჯარო. მაშინ გამოძიება იწყება, რადგან ამ ჩანაწერებიდან იკვეთება შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიერ, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი, გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის ფაქტორი, თუ როდის არის გაკეთებული ჩანაწერი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს, რადგან დასადგენია, დანაშაული ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან ხორციელდებოდა თუ თანამდებობის პირებისგან.

„ეს რომ არ ხდება, ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტს აქვს ბერკეტი დაიბაროს ყველა ის პირი, ვინც არის ჩანაწერებში მონაწილე, ასევე ჟურნალისტები და ის ადამიანებიც, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა. სწორედ პირველ წყაროდან უნდა მოვისმინოთ, როდის მოხდა, როგორ მოხდა, რა მოხდა. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია აქ, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და ოპოზიციასაც აქვს მანდატები, რომ დაგვეხმარონ, საგამოძიებო კომისიის შექმნაში, მონაწილეობა მიიღონ და დავამტკიცოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რადგან საბოლოო ჯამში სტუდიებში განხილვიდან ეს საკითხი უნდა გადავიდეს უფრო განსხვავებულ ფორმატში, სადაც რეალურად გავიგებთ, რა მოხდა. ასე ყველას თავისას მოყვება განსხვავებულ ტელევიზიებში და სახელმწიფოს ინტერესი რაც არის, დადგინდეს თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, ეს ვერ დადგინდება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი ხმა, მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად ჩავუდგეთ დროებით საგამოძიებო კომისიას. 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-სა თუ 2016 წელს, მოვისმინე, რომ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობაო. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პოზიციას იკავებდნენ. ისინი ამას აკეთებდნენ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუ მოქალაქეები, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს ამ საქმესთან მიმართებაში და პასუხისმგებლობის ხარისხი არის განსხვავებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, ამის ყველაზე სანდო მექანიზმია პარლამენტი, სადაც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აქვს რესურსი შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და მოქალაქეებს პასუხი გავცეთ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.