ზურაბ ბატიაშვილი:  ჩანს, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში - რაღაცები ორივე მხარემ უნდა დათმოს

ზურაბ ბატიაშვილი:  ჩანს, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში - რაღაცები ორივე მხარემ უნდა დათმოს

დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი თავის სიტყვას იტყვის, საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზას, თუმცა საბრძოლველი ნამდვილად არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დანიშვნა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგეს, რაღაცები ორივე მხარემ უნდა დათმოს.

„უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია და ეს არის მკაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში. ეს იმედისმომცემია იმ პერსპექტივით, რომ ქვეყანა საბოლოოდ არ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ქვეყნის დასუსტება სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. რა თქმა უნდა, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება, დებატების გამართვა თუ შემდგომი პროცესები, ეს ყველაფერი არის ამ დიდი საქმის ნაწილი და ეს იმედით აღავსებს ქართულ საზოგადოებას, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი თავის სიტყვას იტყვის, საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზას, თუმცა საბრძოლველი ნამდვილად არის. რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაცები იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს და იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს სიტუაცია. შეთანხმებაში ყველა ვარიანტში უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, უნდა იყოს საერთო ხედვა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - შეთანხმებაში მნიშვნელოვანია 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.